საყლაპავის ხშირი დაავადებები

 logo

დეფინიცია (გ.ე.რ.დ.)

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება საყლაპავის დისტალური ნაწილის დაზიანებით (ანთება, ეროზია, წყლული) მიმდინარე ქრონიკული მორეციდივე დაავადებაა და განპირობებულია საყლაპავში კუჭის მჟავე წვენის ან ტუტე დუოდენური შიგთავსის რეგულარული რეტროგრადული ამოსროლით (რეფლუქსი).

გასტროენტეროლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების კლინიკური სიმპტომები აღენიშნება ზრდასრულთა 20-50%. ა.შ.შ. ზრდასრული მოსახლეობის 20% მეტს აწუხებს ხშირი გულძმარვა (დაავადების ძირითადი სიმპტომი).

საქართველოში ეროვნული კულტურის და სამზარეულოს გამო გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ეპიდემიური კვლევების მონაცემები არასაკმარისია. ამავე დროს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გავრცელების ზუსტი მაჩვენებლის დადგენა ძნელდება სიმპტომთა სპექტრის ცვალებადობის გამო.


კლასიფიკაცია


დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება შეიძლება იყოს 2 სახის: საყლაპავის ანთებით (ეზოფაგიტით) მიმდინარე და ანთების გარეშე.
კლინიკური ტერმინოლოგიით:
- ენდოსკოპურად ნეგატიური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ანუ არაეროზიული;
- ენდოსკოპურად პოზიტიური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ანუ (ეროზიული) რეფლუქს ეზოოფაგიტით.

ეტიოლოგია და პათოგენეზი


დაავადების განვითარების მიზეზებია :
- ანტირეფლუქსური ბარიერის (კუჭის კარდიული ნაწილის ჩამკეტი მექანიზმის) შესუსტება;
- საყლაპავის კლირენსის შემცირება;
- საყლაპავის ლორწოვანი გარსის მდგრადობის შემცირება დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ;
- კუჭში მარილმჟავას და პეპსინის მომატებული გამოყოფა და ნაღვლის წვენის გადასვლა კუჭში;
მოსვენებულ მდგომარეობაში ჯანმრთელი ადამიანის საყლაპავის ქვედა სფინქტერი ჩაკეტილია. ნორმის ფარგლებში მას ახასიათებს ტრანზიტორული 5-30წმ_იანი მოდუნებები, რაც ხელს უწყობს ჭამის დროს კუჭში მოხვედრილი ზედმეტი ჰაერის გამოთავისუფლებას. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს სფინქტერის სპონტანური რელაქსაცია ხშირდება და ხანგრძლივდება. ამის შესაძლო მიზეზებია საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევა, სწრაფი და ჭარბი კვება, როცა ხდება საკვებთან ერთად დიდი რაოდებობით ჰაერის ჩაყლაპვა.
საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს აქვეითებს:
- კოფეინის შემცველი საკვები პროდუქტები (შოკოლადი, ყავა, ჩაი, კოლა), ციტრუსები პომიდორი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ცხიმები;
- ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები: სედატიური და საძილე, კალციუმის არხების ბლოკერები, ქოლინოლიზური, ნიტრატები და სხვა;
- გასტროინტესტინური ჰორმონების გავლენა (ქოლეცისტოკინინი, სეკრეტინი, გლუკაგონი და სხვა.);
- ხელოვნურად გამოწვეული ხშირი პირღებინებები (ფსიქოემოციური სტრესები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევები).
საყლაპავის კლირენსის შემცირება


საყლაპავის კლირენსის შემცირების მიზეზებია:


- ნერწყვისა და საყლაპავის ლორწოს ბიკარბონატების რაოდენობის შემცირება;
- მეორადი პერისტალტიკის დათრგუნვა და საყლაპავის მკერდის ნაწილის კედლის ტონუსის შემცირება .


საყლაპავის ლორწოვანი გარსის რეზისტენტობის შემცირება


ეპითელიუმის დაზიანება იწყება, როდესაც წყალბადის იონების, პეპსინის და ნაღვლის მჟავების დამზიანებელი მოქმედება გადააჭარბებს დამცავ ფაქტორებს:ლორწოს პრეეპითელურ შრეს და აქტიურ ბიკარბონატულ სეკრეციას.
კლინიკური სურათი
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების უმთავრესი სიმპტომია გულძმარვა და მჟავე ბოყინი, რომელიც უხშირესად აღენიშნება ავადმყოფს წინ გადახრისას და ღამის საათებში, სიხშირით მეორე ადგილზეა ტკივილი მკერდის ძვლის უკან. შედარებით იშვიათია დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ოდინოფაგია (ტკივილი ყლაპვის დროს), ამოღებინება.
- გულძმარვა სხვადასხვა ინტენსიობის წვის თავისებურება შეგრძნებაა მკერდის ძვლის უკან (საყლაპავის ქვედა მესამედში) ან ბეჭქვეშა არეში. აღენიშნება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების პაციენტთა 85% _ს. გულძმარვა ძლიერდება დიეტის დარღვევისას, გაზიანი სასმელისა და ალკოჰოლის მიღების, ფიზიკური გადაძაბვის, წინ გადახრილ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დაავადების გამწვავების სტადიაში გულძმარვები ძალიან ხშირი და შემაწუხებელია.
- ბოყინი და საკვების ამოღებინება-რეგურგიტაცია. ბოყინი აღენიშნება დავადებულთა 55%ს. ძლიერდება საკვების და გაზიანი სასმელის მიღების შემდეგ. ჰაერთან ერთად საკვების ამოღებინება (რეგურგიტაცია) ხშირად აღენიშნებათ პაციენტებს ფიზიკური დატვირთვის ან ჭარბად სითხის და საკვების მიღების შემდეგ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს.
- ტკივილები მკერდის ძვლის უკან ვრცელდება ბეჭთაშუა არეში, კისერში, ქვედა ყბაში, გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ძალიან გავს სტენოკარდიის შეტევას. დიფერენციულ დიაგნოსტიკაში გასათვალისწინებელია, რომ საყლაპავის ტკივილს ახასიათებს კავშირი საკვების მიღებასთან, სხეულის მდებარეობასთან, მცირდება ან ქრება ტუტე მინერალური წყლის და ანტაციდების მიღების შემდეგ.
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) ხანგამოშვებითი ხასიათისაა. იგი აღენიშნება დაავადებულთა 22%ს. პროგრესირებადი დისფაგია და სხეულის მასის შემცირება შეიძლება მიუთითებდეს საყლაპავის ადენოკაცინომის განვითარებაზე.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ზემოაღნიშნული დამახასიათებელი სიმპტომების გარდა შეიძლება მიმდინარეობდეს ე.წ. „ნიღბების“ სახით:
1.ფილტვისებური ნიღაბი_ გვხვდება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების 10% ში. ხასიათდება ქრონიკული არაპროდუქტიული ხველებით, ბრონქო-ობსტრუქციული სინდრომით, რეციდივული პნევმონიებით და ბრონქული ასთმით. ხშირად ამ პაციენტებში ქრონიკული ხველა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ერთადერთი გამოვლინებაა და მისი ლიკვიდირება შესაძლებელია მხოლოდ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებით. ბრონქული ასთმით დაავადებულთა ერთ მესამედზე მეტს გამოკვლევებით აღენიშნებათ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.
2.ლარინგიალური ნიღაბი - გხვდება შედარებით ნაკლები სიხშირით და მიმდინარეობს ქრონიკული ლარინგიტის ნიშნებით, ზოგჯერ ბგერითი იოგების სიმსივნის განვითარებთ. ავადმყოფებს აღენიშნებათ უხეში „მყეფარე„ ხველა, ხმის ჩახლეჩვა განსაკუთრებით დილის საათებში.
3. კორონარული ნიღაბი სტენოკარდიის იმიტაციით. ხასიათდება მწველი მოჭერითი ტკივილებით მკერდის ძვლის უკან ირადიციით მარცხენა ხელში, ზურგში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით მკერდის ძვლის უკან განვითარებული ტკივილების 52% არ არის დაკავშირებული გულსისხლძარღვთა პათოლოგიასთან და განპირობებულია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით. ამ შემთხვევაში ტკივილის კუპირება შესაძლებელია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით და მიოტროპული რელაქსანტებით, თუმცა შეიძლება მოიხსნას ნიტროგლიცერინითაც. ტკივილი უხშირესად წარმოიშვება საკვების მიღებიდან მალე, ვლინდება საყლაპავში ლუკმის გაჩხერვის შეგძნებით, ძლიერდება წინ გადახრის დროს და იხსნება ანტაციდური პრეპარატების მიღებით.

ზოგჯერ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება მიმდინარეობს
12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვან დაავადებასთან ერთად.

მათ აქვთ ზოგიერთი საერთო მახასიათებლები:
1. ორივე პათოლოგიური პროცესი აზიანებს საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ზედა ნაწილს და მიეკუთვნებიან მჟავა დამოკიდებულ დაავადებათა ჯგუფს.
2. გულძმარვა ითვლება წამყვან სიმპტომად, როგორც გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების, ასევე 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვანი დაავადებისთვის.
3. ორივე დავადების დროს ვლინდება ავადმყოფების ფსიქოემოციური და ვეგეტატიური სფეროს დარღვევები, ზოგჯერ შფოთვითი_დეპრესიული სინდრომი.
4. წამყვანი ფაქტორები გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების და 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვანი დაავადების პათოგენეზში საყლაპავის, კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის მოტორული ფუნქციის მოშლილობებია, ასევე საყლაპავის ქვედა სფეინქტერის ტონუსის დაქვეითება და პილორუსის სფინქტერის დისფუნქციაა.
ზემოაღნიშნული მსგავსების გარდა არსებობს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებისა და 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვან დაავადებას შორის არსებითი განსხვავებები:
1. 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვანი დაავადების გამწვავების კლინიკურ სურათში დომინირებს ტკივილების სინდრომი, ხოლო გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს მეტისმეტად ხშირი და შემაწუხებელი გულძმარვები.
2. 12 გოჯა ნაწლავის ბოლქვის წყლულოვანი დაავადების პათოგენეზში 70-80% შემთხვევაში მონაწილეობს ჰელიკობაქტერიული (H.P.) ინფექცია, ხოლო გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს უმეტესი ავტორების მონაცემებით H.P. ინფექცია უხშირესად ასრულებს პროტექტულ (დაცვის) როლს, ამცირებს საყლაპავში ანთების, ბარეტის მეტაპლაზიის და კიბოს შემთხვევებს (მექანიზმი ჯერჯერობით უცნობია).
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გართულებებია
- საყლაპავის წყლულოვანი სტრიქტურები (შეხორცებები);
- საყლაპავიდან სისხლდენები;
- ბარეტის საყლაპავი (საყლაპავის კიბოსწინარე მდგომარეობა).


გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დიაგნოსტიკაში გამოიყენება


- რენტგენოლოგიური გამოკვლევა;
- ენდოსკოპიური გამოკვლევა;
- საყლაპავის P. H. _ის მონიტორინგი;
- საყლაპავის მოტორული ფუნქციის გამოკვლევა;
- ჰისტოლოგიური გამოკვლევა.

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების თერაპიული მკურნალობა


ზოგადი რეკომენდაციები. პაციენტს ურჩევენ ცხოვრებისა და კვების განსაზღვრულ სტილს.


აუცილებელია გამოირიცხოს მუცლის ღრუს შიდა წნევის მომატების ხელისშემწყობი ფაქტორები
• ვიწრო ტანსაცმელი;
• მჭიდრო ქამრები და კორსეტები;
• სიმძიმეების აწვა (10 კგ.ზე მეტი);
• მუცლის პრესის დაძაბვის გამომწვევი ფიზიკური დატვირთვა;
• მოერიდოს საკვების და სასმელის უხვად მიღებას ღამით (დაძინებამდე არაუგვიანეს 3სთ_სა);
• დაწოლას და წინ გადახრას საკვების მიღების შემდეგ;
• შეიზღუდოს საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსის დამწევი და მისი ლორწოვანი გარსის გამაღიზიანებელი პროდუქტების მიღება (მოუხდელი რძე, ნაღები, ტორტი, ღორის, ბატის, იხვის, ცხვრის, საქონლის ცხიმიანი ხორცი), ალკოჰოლი, კოფეინის შემცველი სასმელები (ყავა, მაგარი ჩაი, შოკოლადი და კოლა),ციტრუსები, ტომატი, ძმარი, ხახვი, ნიორი, შემწვარი კერძები, ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები (სედატიური, ქოლინოლიზური, კალციუმის ბლოკერები, ნიტრატები და სხვა).
სასურველია:
• ძილი მაღალ ბალიშზე;
• თამბაქოს მოხმარების შეწყვეტა;
• სხეულის წონის ნორმალიზება.

მედიკამენტური მკურნალობა


მედიკამენტებიდან გამოიყენება:
პროკინეტური საშუალებები, ანტაციდური და ანტისეკრეტული პრეპარატები, ჰისტამინის H2 რეცეპტორების ბლოკერები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ანთებისაწინააღმდეგო პრეპარატები.
მედიკამენტური მკურნალობა უმჯობესია დანიშნული იქნას გასტროენტეროლოგის მიერ. მედიკამენტის შერჩევა და მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება საერთაშორისო გაიდლაინების პრინცებზე დაყდნობით. უმრავლეს შემთხვევები მედიკამენტური მკურნალობა ეფექტურია და იძლევა რემისიას, თუმცა დაავადების რეციდივი 1წლის განმავლობაში აღენიშნება ავადმყოფთა 50-60%-ს. პროგნოზი უხშირესად სასიკეთოა. ზოგჯერ, ხანგძლივად მიმდინარე (10წელზე მეტი), უმკურნალებელი გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების და დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის დიდი ზომის თიაქრის არსებობის დროს საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა.


საყლაპავის შედარებით ხშირი დაავადებები.


საყლაპავის მოტორული ფუნქციის დარღვევები.
საყლაპავის მოტორული ფუნქციის დარღვევა გამოიხატება ძირითადათ დისფაგიით (ყლაპვის გაძნელებით):
- საყლაპავის საწყის ნაწილში -უხშირესად თავის ტვინის დაზიანებების შემთვევებში;
- საყლაპავის ქვედა სფინქტერის - საყლაპავის ახალაზიის, დიფუზური სპაზმის და სკლეროდერმიის დროს;
- საყლაპავის ზედა სფინქტერის ტონუსის მატება „ისტერიული ბირთვი“ ყელში მოწოლის შეგძნებით, საყლაპავის ტრანსპორტული ფუნქციის დარღვევის გარეშე. ვითარდება აღელვების და მწუხარების შემთხვევებში და ემოციური ეტიოლოგიისაა;
- საყლაპავის ფუნქციური შევიწროება მუსკულატურის სპაზმით. შეიძლება განვითარდეს საყლაპავის ნებისმიერ ნაწილში. გამომწვევი მიზეზებია:ნერვული სტრესი, ალკოჰოლით მოწამვლა, ცოფი და სხვა.
- საყლაპავის დიფუზური სპაზმი-გენერალიზებური ნევროლოგიური დარღვევაა, როცა ნორმალურ პერისტალტიკის ნაცვლად აღინიშნება არაპერისტალტიკური შეკუმშვები. დისფაგია აღინიშნება მკვრივ და თხიერ საკვებზე. ტკივილი მკერდის ძვლის უკან შეიძლება განვითარდეს ღამის საათებში და ძალიან გავს სტენოკარდიას. ზოგჯერ ტკივილი აღმოცენდება ფიზიკური დატვირთვის შემდეგ გადაცემით კისერში, ზურგში, ზედა კიდურებზე. ეფექტურია ნიტროგლიცერინის და ნიფედიპინის გამოყენება.
დიაგნოზის დასმაში მნიშვნელოვანია საყლაპავის რენტგენოლოგიური და მანომეტრიული გამოკვლევა.
რეტგენოლოგიურად ვლინდება „საცობის საძრობელას“ ფორმის საყლაპავი არაპერისტალტიკური შეკუმშვებით.
სამკურნალოდ გამოიყენება: ანტიქოლინერგიული საშუალებები, ნიტრატები,კალციუმის არხების ბლოკერები, სედაციური პრეპარატები.


დიაფრაგმის საყლაპავი ხვრელის თიაქარი.


ამ დროს კუჭის ნაწილი დიაფრაგმის საყლაპავის ხვრელის გზით ხვდება გულმკერდში. თიაქარი შეიძლება იყოს ფიქსირებული, მაგრამ უფრო ხშიარად ის მცოცავია, რომლის დროსაც კუჭის ნაწილის გულმკერდში გადასვლა ხდება პერიოდულად.
თიაქრის მიზეზი შეიძლება იყოს შემაერთებელი ქსოვილის დეფექტი, ზოგჯერ თანდაყოლილი, მუცლის ტრამვა, მუცლის ღრუში წნევის მომატება, ძლიერი ხველა, ღებინებები, აბორტი, ორსულობა, ძლიერი ჭინთვა დეფეკაციის დროს და სხვა. უხშირესად დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. ეზოფაგიტის განვითარებასთან ერთად ვლინდება ტკივილის სინდრომი მკერდი ძვლის უკან, ხშირად დაკავშირებული საკვების მიღებასთან, ძლიერდება მწოლიარე მდგომარეობაში და ზოგჯერ გაივლის ვერტიკალურ მდგომარეობაში გადასვლისას. ტკივილები ძალიან გავს სტენოკარდიას.ხშირად აღენიშნებათ გულძმარვები. ფიქსირებული თიაქრის დროს შეიძლება განვითარდეს ჩაჭედვა ძლიერი მწვავე ტკივილით, დისფაგიით, ზოგჯერ სისხლდენით. დიაგნოსტირებაში მნიშვნელოვანია რენტგენოლოგიური გამოკვლევა ჰორიზონტალურ პოზაში და ენდოსკოპიური გამოკვლევა. მკურნალობა ძირითადად მედიკამენტურია: პროკინეტიკური საშუალებები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, H2 ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკერები და სხვა. იშვიათად მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას.


საყლაპავის შედარებით იშვიათი დაავადებები


ეზოფაგიტები.
ეზოფაგიტი საყლაპავის ლორწოვანი გარსის, ლორწქვეშა შრის ანთებადი ან დესტრუქციული ცვლილებებით მიმდინარე დაავადებაა.
ეზოფაგიტის ყველა კლინიკურ სურათს ახასიათებს ყლაპვის გაძნელება (დისფაგია).ეზოფაგიტი შეიძლება იყოს:
• ვირუსული: მარტივი ჰერპეს ვირუსით გამოწვეული. ხასიათდება გამონაყარით ცხვირ-ტუჩის არეში ტიპიური ვეზიკულების არსებობით, საყლაპავის ლორწოვანზე შემდგომ წყლულების ჩამოყალიბებით;
ციტომეგალოვირუსით გამოწვეული- საყლაპავში ეროზიების, შემდგომ წყლულის განვითარებით. დიაგნოზი დასტურდება ვირუსოლოგიური და იმუნოჰისტოლოგიური კვლევის მეთოდებით;
• ბაქტერიული ეზოფაგიტი-საყლაპავის ლორწოვანზე თეთრი ან მოყვითალო ფერის ნადებით. დიაგნოზის ვერიფიცირება ხდება ბიოპტატების ბაქტეროლოგიური და ჰისტოლოგიური გამოკვლევებით. ხშირია იმუნოდეფიციტით დაავადებულ პაციენტებში.
• წამლისმიერი ეზოფაგიტიები-ყველაზე ხშირად იწვევენ ანტიბიოტიკები (დოქსაციკლინი, ტეტრაციკლინი და სხვა), არასტეროიდული ანთებ საწინააღმდეგო საშუალებები, კალიუმის ქლორიდი და სხვა.
• კანდიდოზური ეზოფაგიტი-ძირითდი სიმპტომია ოდინოფაგია (ტკივილი ყლაპვის დროს). ენდოსკოპიით საყლაპავში ჩანს მოთეთრო-მოყვითალო ლაქოვანი გამონაყარი შემოფარგლული ერითემატოზური ზონით.
• კოროზიული ეზოფაგიტი-საყლაპავის დამწვრობა-ვითარდება ტუტე, მჟავე, მძიმე მეტალების მარილების ან სხვა ქიმიური ნივთიერებების შემთხვევით ან თვითმკვლელობის მიზნით მიღების შედეგად. ვითარდება ნივთიერების კონცეტრაციასა და ზემოქმედების ხანგრძლივობაზე დამოკიდებული ლორწოვანის ანთება, ზოგჯერ ლორწქვეშა და კუნთოვანი ქსოვილის ნეკროზული ცვლილებებით. ნეკროზის მიდამოში ჩნდება წყლულები შემდგომში საყლაპავის შეხორცებებით და შევიწროებით. მძიმე შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს სისხლდენა და საყლაპავის პერფორაცია. მკურნალობისთვის ინიშნება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები, გლუკოკორტიკოიდები, ტარდება შოკის საწინააღმდეგო ძღონისძიებები.

საყლაპავის იშვიათი დაავადებები


კარდიის ახალაზია
კარდიის ახალაზია წარმოადგენს საყლაპავის დაავადებას, როცა ყლაპვის დროს საყლაპავის ქვედა სფინქტერის მოდუნება არ ხდება, ხოლო საყლაპავის მკერდის ნაწილის ტონუსი დარღვეულია.
დაავადების ეტიოლოგია უცნობია. ძირითადად ავადდებიან 30_50წლის პაციენტები, ზოგჯერ აქვს ოჯახური (მემკვიდრული) ხასიათი. მიზეზი შეიძლება იყოს რელაქსაციური აპარატის დისფუნქცია.
დამახასიათებელი სიმპტომია დისფაგია. საწყის ეტაპზე დისფაგია ვითარდება მხოლოდ მაგარი საკვების მიღებისას, შემდეგ კი სითხის მიღების დროსაც. პროგრესირებადი დისფაგიის დროს პაციენტები წონაში იკლებენ. აღენიშნებათ რეგურგიტაციის განვითარება, მოჭერითი ხასიათის ტკივილები მკერდის ძვლის უკან, ხველა, მოხრჩობის შეგრძნება.
რენტგენოლოგიური გამოკვლევით ვლინდება:საყლაპავში დიდი რაოდენობის შიგთავსი, კუჭში კონტრასტის ევაკუაციის შეფერხება, საყლაპავის დისტალური ნაწილის გაფართოება, კუჭში ჰაეროვანი ბუშტის გაქრობა.
ენდოსკოპიით წარმოებს მეტაპლაზიური საეჭვო უბნების ბიოფსია. მკურნალობა -ძირითადად წარმოებს კუჭის კარდიის ხვრელის გაფართოება რეზინის ბალონით საყლაპავის ქვედა სფინქტრის კუნთების ნაწილობრივი გაწყვეტით. მკურნალობის გარეშე პროგნოზი მძიმეა. პროგნოზს აუარესებს საყლაპავის კიბოს და ასპირაციული პევმონიის მაღალი რისკი.
საყლაპავის დივერტიკული. საყლაპავის თიაქრის მსგავსი გამოდრეკაა. არჩევენ 2 სახის დივერტიკულს:
-ცენკერის-აღინიშნება საყლაპავის ზედა მიდამოში და ძირითადად ვითარდება საყლაპავის უკანა კედლის თანდაყოლილი სისუსტის შედეგად. საკმაოდ დიდი ზომისაა და მასში საკვები შეიძლება საკმაოდ დიდხანს შეჩერდეს. დამახასიათებელია ყლაპვის გაძნელება, არასასიამოვნო სუნი პირიდან, ნერწყვის და საკვების რეგურგიტაცია, ზოგჯერ ასპირაციული ბრონქიტის, ბრონქოექტაზიის, ფილტვის აბსცესის განვითარება.
-ტრაქციული დივერტიკული ლოკალიზებულია საყლაპავის შუა ან დისტალურ ნაწილებში. შეიძლება იყოს თანდაყოლილი ან განვითარდეს ანთებითი პროცესების ფონზე (ტუბერკულოზი); დისფაგია დამახასიათებელი არ არის.
მელორვეისის სინდრომი საყლაპავიდან სისხლდენა ღებინების ძლიერი შეტევის დროს. ხშირია ალკოჰოლური სიმთვრალის დროს.
საყლაპავის თანდაყოლილი მემბრანა კისრის მე-5 მე-6 მალის დონეზე შემაერთებელი ქსოვილოვანი აპკია. ვლინდება დისფაგიით მკვრივ საკვებზე, სპლენომეგალიით და რკინადეფიციტური ანემიით. მკურნალობა მდგომარეობს რეზინის ბალონით მემბრანის გაგანიერებაში.
შაცკის რგოლი (ქვედა რგოლი) ლოკალიზებულია საყლაპავ კუჭის საზღვარზე, თხელი შემაერთებელი ქსოვილოვანი აპკია, ხშირად ინკურნება ეზოფაგოსკოპიის გატარებით. ზოგჯერ მიმართავენ რგოლის გაგანიერებას რეზინის ბალონით.
საყლაპავის კიბო-ავთვისებიანი სიმსივნეების საერთო რაოდენობის 2%_ია და კუჭნაწლავის ტრაქტის ავთვისებიანი სიმსივნეების 7% ს შეადგენს. საყლაპავის კეთილთვისებიანი სიმსივნეები ძალიან იშვიათია და მიმდინარეობს უსიმპტომოდ.