კუჭის დაავადებები

logoგასტრიტი-კუჭის ლორწოვანი გარსის ანთებითი და დისტროფიული ცვლილებებით გამოწვეული დაავადებაა. კლინიკური მიმდინარეობის მიხედვით ანსხვავებენ მწვავე და ქრონიკულ გასტრიტს.

მწვავე გასტრიტები: მწვავე ეროზიული, ჰელიკობაქტერიასთან ასოცირებული, ენტეროპათიურ ეროზიული, კოროზიული, ინფექციური გასტრიტი.

1. მწვავე ეროზიული (ჰემორაგიული) გასტრიტი-მწვავე გასტრიტის უხშირესი ფორმაა. დამახასიათებელია სისხლდენა კუჭის დაზიანებული ლორწოვანი გარსიდან. ძალიან ხშირად ვითარდება უეცრად და ძირითადათ ასოცირებულია სიცოცხლესთან საშიშ მდგომარეობასთან.

ხშირად ვითარდება მძიმე ტრავმის, შოკის, დამწვრობის, სეფსისის, ღვიძლის, თირკმლების, სუნთქვის მწვავე უკმარისობის დროს (სტრეს-ინდუცირებული გასტრიტი). დაავადების პათოგენეზში მნიშვნელოვანია კუჭის ლორწოვანი გარსის იშემია და მასში მარილმჟავას დიფუზია,რაც განაპირობებს ეროზიების განვითარებას. ეროზიული გასტრიტი შეიძლება განვითარდეს ზოგიერთი სამკურნალო მედიკამენტების კუჭის ლორწოვან გარსზე დამაზიანებელი მოქმედების გამო. ასეთებია: ასპირინი და არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო (აასს) საშუალებები, ასევე ნაღვლის მჟავები, პანკრეასის ფერმენტები, ეთანოლი და სხვა. ეს ნივთიერებები ასუსტებენ კუჭის ლორწოვანის ბარიერულ ფუნქციას, რომელიც ფიზიოლოგიურ პირობებში აფერხებს წყალბადის იონების დიფუზიას კუჭის ღრუდან მის კედელში, აინჰიბირებენ ფერმენტ ციკლოოქსიგენაზას, რაც თავის მხრივ ამცირებს პროსტაგლანდინების სინთეზს. ირღვევა უჯრედების ჟანგვა-აღდგენითი პროცესები, ენდოთელიუმში ვითარდება სისხძარღვების ტრომბოზები და წარმოიქმნება ეროზიები.
კლინიკა- ძირითადი გამოვლინებაა სისხლდენა-უმნიშვნელო სისხლდენიდან პროფუზული ჰემორაგიების ჩათვლით.
სისხლდენის გარეშე მწვავე ეროზიული გასტრიტი უმეტეს შემთხვევაში უსიმპტომოდ მიმდინარეობს. ზოგჯერ ავადმყოფები უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ეპიგასტრიუმში, გულისრევის შეგრძნებას, ზოგჯერ პირღებინებას, საერთო სისუსტეს. „უმიზეზო“ ანემიის შემთხვევაში აუცილებელია განავლის გამოკვლევა სისხლის შემცველობაზე კუჭიდან სისხლდენის გამორიცხვის მიზნით.
დიაგნოსტიკა- ენდოსკოპიურად ვლინდება კუჭის ლორწოვან გარსზე ეროზიები და ჰემორაგიული უბნები.
მკურნალობა-უპირველესად უნდა მოხდეს გამომწვევი ფაქტორების თავიდან აცილება. ეფექტურია ანტაციდების თხევადი ნარევის გამოყენება, H2 რეცეპტორების ბლოკერები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორების დანიშვნა, საჭიროების შემთხვევაში ელექროლიტური ბალანსის აღდგენა.

2. H. pylori-სთან ასოცირებული მწვავე გასტრიტი - შედარებით ხშირი ფორმაა.

ჰელიკობაქტერ პილორი მნიშვნელოვან პათოგენეზურ როლს ასრულებს მწვავე და ქრონიკული გასტრიტის ზოგიერთი ფორმის, კუჭის და 12 გოჯა ნაწლავის წყლულის განვითარებაში. H. pylori ლოკალიზებულია კუჭის ზედაპირულ ლორწოვან ჰელში, გამოიმუშავებს მთელ რიგ პროტეინებს, მათ შორის ურეაზას, რომელიც იწვევს შარდოვანას ჰიდროლიზს ამონიუმის და ნახშირორჟანგის წარმოქმნით. ეს ნივთიერებები ქმნიან ტუტე გარემოს და თრგუნავენ სხვა ბაქტერიების გამრავლებას. ურეაზა განაპირობებს წყალბადის იონებით კუჭის ლორწოვანი გარსის დაზიანებას, შლის და ათხელებს ლორწოვან შრეს. H. pylori გამოყოფს ნივთიერება ადჰეზინს, რომლის მეშვეობითაც ბაქტერიები ფიქსირდებიან ეპითელიური უჯრედების ზედაპირზე.
კლინიკა-ძირითადად ავადმყოფები უჩივიან ყრუ ხასიათის ტკივილებს ეპიგასტრიუმის არეში, გულძმარვებს, გულის რევის შეგრძნებებს, იშვიათად პირ-ღებინებებს. ზოგჯერ დაავადება მიმდინარეობს უსიმპტომოდ. კუჭის სეკრეცია მომატებულია შემდგომი დაქვეითებით.რამოდენიმე თვის შემდეგ კუჭის სეკრეცია უბრუნდება ნორმის ფარგლებს. ზოგჯერ მწვავე გასტრიტის ეს სახეობა მიმდინარეობს სისხლში გასტრინის მომატებით და კუჭის სეკრეციის ნორმალური დონით.
დიაგნოზი-ძირითადია ენდოსკოპური გამოკვლევის მეთოდი. H. pylori _ს იდენტიფიკაციის მიზნით ტარდება კუჭის რამოდენიმე არედან ბიოფსიური მასალის აღება შემდგომი ჰისტოლოგიური და ბაქტერიოლოგიური გამოკვლევით. H. pylori _ს იდენფიცირების შედარებით მარტივი მეთოდია-ურეაზული ცდა. ჰელიკობაქტერიით დაინფიცირების გამოსავლენად გამოიყენება სისხლში ბაქტერიის საწინააღმდეგო ანტისხეულების (YgG DA YgA) ტიტრის განსაზღვრა.
მკურნალობა-გამოიყენება ანტიბიოტიკების კომბინაციები ჰელიკობაქტერიის ერადიკაციის მიზნით, H2 რეცეპტორების ბლოკერები, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები, ვიტამინოთერაპია.

3. ენტეროპათიური ეროზიული გასტრიტი-შედარებით იშვიათია.

დამახასიათებელია კუჭის ლორწოვანზე ერთი ან მრავლობითი ეროზიების გაჩენა რაიმე ცნობილი დამაზიანებელი ფაქტორის მოქმედების გარეშე.
ძირითადი ჩივილებია: უმადობა, გულძმარვა, ღებინება, დისკომფორტის შეგრძნება მუცლის არეში. ზოგჯერ ავადმყოფს უვითარდება კუჭიდან სისხლდენა, შეიძლება წონაში დაკლება.
დიაგნოზის დასმაში გადამწყვეტია ენდოსკოპური გამოკვლევა. აუცილებელია გატარდეს დიფერენციული დიაგნოსტიკა კუჭის ლიმფომასთან, კარცინომასთან, კრონის დაავადებასთან.
მკურნალობა- სიმპტომურია. ძირითადად მკურნალობის შედეგად აღინიშნება ეროზიების შეხორცება. რეციდივი იშვიათია.

4.მწვავე ინფექციური გასტრიტი (H. pylori_ს გამოკლებით) შედარებით იშვიათია

დაავადების ძირითადი გამომწვევია: სტრეპტოკოკები, სტაფილოკოკები, E. Coli, ჰერპეს ვირუსი, ციტომეგალოვირუსი და სხვა.
კლინიკა- ხშიარია შეტევითი ხასიათის ტკივილები ეპიგასტრიუმის არეში, პირღებინებები, ზოგჯერ შემცივნებით და მაღალი ტემპერატურით, საერთო სისუსტე.
კუჭის ლორწოვანზე ვითარდება ეროზიები. იშვიათად შეიძლება განვითარდეს ფლეგმონოზური გასტრიტი, რომელიც სიცოცხლისთვის საშიში დაავადებაა. მას ახასიათებს გენერალიზებული სეფსისის სიმპტომები პერიტონიტის მოვლენებით.
მკურნალობაში გამოიყენება ფართო სპექტრის ანტიბიოტიკები ინტრავენურად, ელექტროლიტური ბალანსის აღდგენა, სიმპტომური მკურნალობა. კონსერვატული მკურნალობის არაეფექტურობის შემთხვევაში ტარდება ქირურგიული გასტრექტომია.

5. კოროზიული ნივთიერებებით გამოწვეული გასტრიტი-იშვიათი დაავადებაა.

კოროზიული გასტრიტის განვითარებას განაპირობებს შემთხვევით ან თვითმკვლელობის მიზნით ძლიერმოქმედი ქიმიური ნივთიერებების (მჟავები, ტუტეები, მათეთრებელი და სარეცხი საშუალებები, შაბიამანი, ფორმალინი და სხვა) კუჭში მოხვედრა. კუჭის ლორწოვანის დაზიანების ხარისხი დამოკიდებულია ნივთიერების კონცენტრაციასა და რაოდენობაზე. უხშირესად ზიანდება კუჭის ანტრალური ნაწილი. ტუტეების მიღებისას უფრო მეტად ზიანდება საყლაპავი კედლის ნეკროზით და შემდგომში უხეში სტრიქტურების ჩამოყალიბებით. კუჭი მეტად ზიანდება მჟავების ზემოქმედებით.
კლინიკა-ავადმყოფებს აღენიშნებათ ძლიერი წვის შეგრძნება პირის ღრუში, ტკივილები მკერდის ძვლის უკან და ეპიგასტრიუმში, ღებინება. ეპიგასტრიუმი მტკივნეულია პალპაციით. შირად ვითარდება სისხლდენა კუჭის პერფორაციის გამო მწვავე მუცლის კლინიკური სურათით. ავადმყოფის მართვა უმჯობესია ინტენსიური თერაპიის პალატაში. ტარდება:კუჭის ამორეცხვა, დიდი რაოდენობით წყლის მიღება, ანტაციდური საშუალებები, ტკივილგამაყუჩებელი, ანტიბიოტიკები, ელექროლიტური ბალანსის აღდგენა, სტეროიდული პრეპარატების ინტრავენური შეყვანა, დეტოქსიკაციური ღონისძიებები თირკმელების და ღვიძლის მწვავე უკმარისობის პრევენციის მიზნით.