სიმპტომური წყლულები

logo

სიმპტომური წყლულები
კუჭისა და 12 გოჯა ნაწლავის წყლულები შეიძლება იყოს, როგორც წყლულოვანი დაავადების გამოვლინება, ასევე სხვა დაავადების შედეგი. სიმპტომური წყლულები შეიძლება იყოს: სტრესული, წამლისმიერი, ღვიძლის, კუჭქვეშა ჯირკვლის, ფილტვების ენდოკრინული ორგანოების ზოგიერთი პათოლოგიებით ინდუცირებული.


სიმპტომური წყლულები ძირითადად მრავლობითია, მწვავე, ზედაპირული, ხშირია სისხლდენები. ისინი სწრაფად ხორცდებიან გამომწვევი მიზეზების ლიკვიდირების შემდეგ. ყველაზე ხშირია სამკურნალო საშუალებებით ინდუცირებული წყლულები გართულებული სისხლდენებით, რაც დღეისთვის სერიოზულ მედიკო-სოციალურ პრობლემას წარმოადგენს.
როგორც წესი - არასტეროიდულ ანთებსაწინააღმდეგო საშუალებებს სისტემურად ღებულობენ ავადმყოფები: რევმატოიდული არტრიტებით, ოსტრეოარტროზებით, ფსორიოზული არტრიტებით, ხერხემლის ოსტეოქონდროზებით,შემაერთებელი ქსოვილის სისტემური დაავადებებით (წითელი მგლურა, სკლეროდერმია, დერმატომიოზიტი), ნევროზებით და ნევრალგიებით, გულის იშემიური დაავადებებით (ასპირინის მცირე დოზები თრომბოზების და თრომბოემბოლიების პროფილაქტიკი-სათვის) და სხვა.
არასტეროიდული ანთებსაწინააღმდეგო საშუალებებით ინდუცირებული ეროზიები და წყლულები ძირითადად აზიანებს კუჭის ლორწოვანს, მეტად ასაკოვან პირებში, ხშირად მიმდინარეობს უსიმპტომოდ (ტკივილების გარეშე) ან ვლინდება საერთო სისუსტის შეგრძნებით, თუმცა ხშირია სისხლდენები. ზოგჯერ სისხლდენები ხანგრძლივდება (2-3 კვირა), რითაც აიხსნება ავადმყოფობის არადროული მიმართვა ექიმთან და შესაბამისად დაგვიანებული მკურნალობის დაწყება.
სიმპტომური წყლულები უმეტეს შემთხვევებში H. pylori ნეგატიურია.

წყლულოვანი დაავადების მედიკამენტური მკურნალობა.

H. pylori-სთან ასოცირებული წყლულოვანი დაავადების მკურნალობა გულისხმობს ერადიკაციულ (მიკრობის განადგურება) თერაპიას.
რეკომენდირებულია სამკომპონენტიანი სქემის გამოყენება:
• პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები (ომეპრაზოლი, რაბეპრაზოლი, ეზომეპრაზოლი...) ან ბისმუტის ტრიკალიუმ დიციტრატი სტანდარტული დოზებით.
• კლარიტრომიცინი 500მგ+2ჯერ დღეში -7 დღე.
• ამოქსიცილინი 1გრ. +2ჯერ დღეში (ან მეტრონიდაზოლი 0,5გრ. +2ჯერ დღეში) – 7დღე.
უფექტობის შემთხვევაში იყენებენ მეორე რიგის - ოთხკომპონენტიან სქემას:
• პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები 2ჯერ დღეში.
• ბისმუტ ტრიკალიუმ დიციტრატი 120მგ. + 4ჯერ დღეში.
• ტეტრაციკლინი 500მგ. + 4ჯერ დღეში - 7 დღე.
• მეტრონიდაზოლი 500მგ. 4ჯერ დღეში - 7დღე.
7 დღიანი ერადიკაციული მკურნალობის უეფექტობის შემთხვევაში გასტროენტეროლოგის შემდგომი ტაქტიკა განისაზღვრება ანტიბაქტერიული პრეპარატების მიმართ H. pylori-ს გრძნობელობის დადგენით.
გაურთულებელი წყლულოვანი დაავადების შემთხვევაში ერადიკაციული კურსის ჩატარების შემდეგ ანტისეკრეციული თერაპიის გაგრძელების საკითხი თანხმლები დაავადებების გათვალისწინებით, ყველა კერძო შემთხვევაში უნდა იქნეს გადაწყვეტილი გასტროენტეროლოგის მიერ.
ერადიკაციის ეფექტურობის შეფასება უნდა მოხდეს მკურნალობის დასრულებიდან 4 კვირის შემდეგ ორი დიაგნოსტიკური მეთოდის გამოყენებით. მკურნალობის დასრულებიდან 1 წლის მანძილზე პაციენტის ორგანიზმში ბაქტერიის აღმოჩენა უნდა შეფასდეს, როგორც ინფექციის რეციდივი და სამკურნალოდ უნდა იქნეს გამოყენებული მკურნალობის უფრო ეფექტური სქემები.
მნიშვნელოვანი სიახლეა ის რომ, ბერლინში კომპანია STADA _ს მიერ შეიქმნა H. pylori-სთან ბრძოლის ინოვაციური საშუალება მედიკამენტი ჰელინორმი უნიკალური მოქმედების მექანიზმით. პრეპარატის მოქმედება განპირობებულია მის შემადგენლობაში შემავალი არასიცოცხლის უნარიანი Lactobacillus reuteri ბაქტერიებით. ისინი ემაგრებიან H. pylori-ის ზედაპირულ რეცეპტორებს და ქმნიან ე.წ. კოაგრეგანტებს, რომელთა შემადგენლობაში არსებული H. pylori კარგავს მოძრაობის უნარსა და ადჰეზიის შესაძლებლობას კუჭის ლორწოვანზე. კოაგრეგანტები გადადიან ნაწლავის სანათურში და გამოიდევნებიან ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით.

წყლულოვანი დაავადების მკურნალობა, რომელიც
არ არის გამოწვეული H. pylori-ს ინფექციით.

მკურნალობაში გამოიყენება:
• ანტაციდური საშუალებები;
• პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორები;
• H2 ჰისტამინის რეცეპტორების ბლოკერები.

წყლულოვანი დაავადების ოპერაციული მკურნალობა
აბსოლუტური ჩვენებებია: წყლულის პერფორაცია, პროფუზული სისხლდენა, სტენოზი, მალიგნიზაცია.
შედარებითი ჩვენებებია: ანამნეზში განმეორებითი პროფუზული სისხლდენები, პენეტრირებული წყლულები, მკურნალობის მიმართ რეზისტენტური წყლულები.
წყლულოვანი დაავადებით ავადმყოფთა დისპანსერიზაციასა და მართვის საკითხებში არსებობს რამოდენიმე მიდგომა:
1. ხანგრძლივი (თვეები ან წლები) შემანარჩუნებელი თერაპია ანტისეკრეციული პრეპარატების განახევრებული დოზებით.ძირითადად მოწოდბულია ერადიკაციული თერაპიის უეფექტობის, ეროზიულ წყლულოვანი რეფლუქსური ეზოფაგიტების, არასტეროიდულ ანთებ საწინააღმდეგო საშუალებების მიღების აუცილებლობის, 60 წელს ზევით ავადმყოფთა წყლულის რეციდივული მიმდინარეობის შემთხვევებში. თუმცა ანტისეკრეციული პრეპარატების ხანგრძლივი მიღება 60 წელს ზევით ასაკის პირებისთვის, კუჭის სეკრეციული ფუნქციის გათვალისწინებით, ყველა კერძო შემთხვევაში გადაწყვეტილი უნდა იქნეს გასტროენტეროლოგის მიერ.
2. თერაპია „საჭიროების შემთხვევაში“ გულისხმობს ანტისეკრეციული საშუალებების მიღებას წყლულოვანი დაავადების გამწვავების სიმპტომების გამოვლენის დროს დაახლოებით 2 კვირის განმავლობაში. თუ სიმპტომები გრძელდება საჭიროა ჩატარდეს ფიბროგასტროდუოდენოსკპია და სხვა საჭირო გამოკვლევები.

პროგნოზი

გაურთულებული წყლულოვანი დაავადების დროს პროგნოზი საიმედოა. ერადიკაციის მიღწევის დროს რეციდივი 1 წლის განმავლობაში 8-10%_შია.
ადრეული დიაგნოსტიკა და დროული მკურნალობა თავიდან აგვაცილებს გართულებების განვითარებას. პროგნოზი უარესდება დაავადების ხანგრძლივად მიმდინარეობის შემთხვევებში ხშირი რეციდივებით და გართულებებით.