ნაწლავების არასპეციფიკური ქრონიკული ანთებითი დაავადებები კრონის დაავადება

logoნაწლავების არასპეციფიკური ქრონიკული ანთებითი დაავადებები
კრონის დაავადება

კრონის დაავადება (რეგიონული ენტერიტი, გრანულომატოზური ილეიტი) ქრონიკული დაავადებაა, რომელიც ხასიათდება გრანულომატოზური ანთებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ნაწილების სეგმენტური დაზიანებით. დაავადება უხშირესად აზიანებს თეძოს ნაწლავის ტერმინალურ ნაწილს.


კრონის დაავადება გვხვდება ორივე სქესის პიროვნებებში, უფრო ხშირად ქალებში. დაავადების განვითარების პიკი აღინიშნება 20-30 წლის ასაკში. დაავადების გავრცელების სიხშირეა 25-50 შემთხვევა 100000 მოსახლეზე. დაავადება ხშირად აღინიშნება ახლო ნათესავებში.

ეთიოლოგია და პათოგენეზი

კრონის დაავადების ეთიოლოგია უცნობია, თუმცა მისი მიმდინარეობის თავისებურებანი არ გამორიცხავს ინფექციური აგენტის არსებობას. დაავადების რისკ ფაქტორებად მიიჩნევენ მემკვიდრულად განპირობებულ იმუნურ დარღვევებს და გარემო ფაქტორების ზემოქმედებას. ამ დროს დარღვეულია T ლიმფოციტების (სუპრესორების) ფუნქცია. სისხლში აღინიშნება ჰუმორული ანტისხეულები წვრილი ნაწლავის კედლის მიმართ. შემთხვევათა დაახლოებით 20%-ში კრონის დაავადება უდგინდება პაციენტის უახლოეს ნათესავებს და აღმოჩენილია გენომი, რომელიც განსაზღვრავს გენეტიკურ მიდრეკილებას კრონის დაავადების მიმართ.
დაავადების დროს ყველაზე ხშირად ზიანდება თეძოს ნაწლავის დისტალური ნაწილი (45%), შემდეგ თეძოს ნაწლავი და მსხვილი ნაწლავი ერთად (35%), შემდეგ მსხვილი ნაწლავი (20%). საკმაოდ ხშირად ვითარდება პათოლოგიური ცვლილებები ანუსში. იშვიათია მლივი ნაწლავის, თორმეტგოჯა ნაწლავის, კუჭის და პირის ღრუს დაზიანება. ანთებითი ცვლილებები გამოხატულია ნაწლავის კედლის ყველა შრეში, განსაკუთრებით ლორწქვეშა გარსში, სადაც აღინიშნება ლიმფოციტებით ინფილტრაცია, პროლიფერაცია, გიგანტური და ეპითელოიდური უჯრედებისგან შემდგარი გრანულომების და ფიბროზების წარმონაქმნები. ნაწლავის კედელი შეშუპებულია, ჩნდება ნახეთქები, წყლულები, შეხორცებები. ნაწლავის სანათური ვიწროვდება და შეიძლება განვითარდეს ნაწლავის ნაწილობრივი გაუვალობა.
წყლულებისა და შეშუპებული უბნების კომბინაცია ქმნის ე.წ “ქვაფენილის” შესახედაობას. ნაწლავების დაზიანება კეროვანი ხასიათისაა. დაზიანებული სეგმენტი მკაფიოდაა გამიჯნული მის გვერდით არსებულ ნაწლავის ნორმალურ სეგმენტისაგან (რეგიონული ენტერიტი). ანთება ვრცელდება ლიმფურ კვანძებზე და სადინარებზე, ზიანდება ჯორჯალი, წარმოიქმნება ფისტულები, აბსცესური კერები.

კლინიკური სურათი

დაავადების კლინიკური გამოვლინებები დამოკიდებულია დაზიანების ანატომიურ ლოკალიზაციასთან. კრონის დაავადებას ახასიათებს გამწვავებები და რემისიები. გამწვავების დროს გამოხატულია ცხელება, შემცივნებები, ანორექსია, წონაში დაკლება, კუჭაშლილობებისა და კუჭშეკრულობების მონაცვლეობა, ფერმკრთალობა, ძლიერი საერთო სისუსტე. ნაწლავების ლორწოვანი გარსის დაზიანება განაპირობებს მოტორიკისა და ნაღვლის მჟავას მარილების რეცირკულაციის დარღვევას, შესაბამისად მალაბსორბციის სინდრომის განვითარებას.
კრონის დაავადებისთვის ძალიან დამახასიათებელია შეტევითი ან მუდმივი ხასიათის ტკივილები მუცელში, განსაკუთრებით მის მარჯვენა ქვედა კვადრატში, იშვიათად ჭიპის არეში. ტკივილი ხშირად ძლიერდება ჭამის შემდეგ, რაც განპირობებულია პროცესის ობსტრუქციული ხასიათით. ზოგჯერ აღინიშნება მწვავე მუცლის-აპენდიციტის სურათი მარჯვენა ქვედა კვადრატში. პალპაციით, ხშირად აღინიშნება პერიტონეუმის ადგილობრივი გაღიზიანებების ნიშნები და ისინჯება ნაწლავის ინფილტრაციის შედეგად განვითარებული სხვადასხვა ზომის და ფორმის მკვრივი წარმონაქმნები. ზოგჯერ ვითარდება ფისტულები, აბსცესები. ფისტულები ხშირად იხსნება კანზე და მეზობელ ორგანოებში. ფისტულები შეიძლება გაჩნდეს ნაწლავებს შორის, შარდის ბუშტში. გენერალიზებული პერიტონიტი ამ დროს იშვიათად ვითარდება, რადგანაც პერფორაცია ფისტულების შედეგია და ის ვითარდება ნელა, თანდათანობით და ლოკალურია. ხშირია პერიანალური ფისტულები და აბსცესები. სისხლდენა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან შედარებით იშვიათია.
კრონის დაავადების მსხვილნაწლავური ფორმისათვის დამახასიათებელია დიარეა, ხშირი დეფეკაციით (10-15 ჯერ დღეღამეში) სისხლის და ჩირქის მინარევით, კუჭში გასვლის იმპერატიული მოთხოვნილებით ღამით და გათენებისას. ტკივილი ვითარდება ჭამის შემდეგ, ძლიერდება მოძრაობის, დეფეკაციის, გამწმენდი ოყნის გაკეთების დროს, ლოკალიზებულია მუცლის ქვედა და გვერდით ნაწილებში. სწორი ნაწლავი, პერიანალური ზონისგან განსხვავაებით პათოლოგიურ პროცესში იშვიათად ერთვება.
მსხვილი ნაწლავის დისტალური ნაწილების დაზიანების დროს დაავადება შეიძლება გამოვლინდეს მწვავე პარაპროქტიტის სიმპტომებით, ანალური და რექტალური სტენოზით, რაც იწვევს შეკრულობებს.
კრონის დაავადების არანაწლავური გამოვლინებებიდან შედარებით ხშირია ღვიძლის გაცხიმოვნება, მასკლეროზებელი ქოლანგიტი, ნაღვლკენჭოვანი დაავადება. ზოგჯერ ვითარდება ბილიარული ციროზი, ნეფროლიათიზისადმი მიდrეკილება, აფტოზური სტომატიტი, უვეიტი, კვანძოვანი ერითემა, ართრიტი, პიოდერმია და სხვა.
კრონის დაავადების გართულებებიდან აღსანიშნავია სეფსისი, ელექტროლიტური დისბალანსი, ორგანიზმის დაუძლურება.

დიაგნოსტიკა

კრონის დაავადების დროს სისხლის კლინიკურ ანალიზში დამახასიათებელია ჰიპოქრომული ანემია, ლეიკოციტოზი, ედსის მომატება. სისხლის ბიოქიმიური კვლევებით აღინიშნება ჰიპერბილირუბინემია.
რენტგენოლოგიურად აღინიშნება ნაწლავების ლორწოვანის რელიეფის წაშლა, ნაწლავების კედლის გასქელება, სანათურის შევიწროება, შეიძლება გამოჩნდეს ნახეთქები და ღრმა წყლულები, სტრიქტურები.
ენდოსკოპიური გამოკვლევებით გამოხატულია ნაწლავის ლორწოვანის დეფორმაცია, ზოგჯერ “ქვაფენილის” მსგავსი და დაწყლულებები. ბიოპტატების ჰისტოლოგიური გამოკვლევებით ვლინდება ლიმფოიდურუჯრედოვანი ინფილტრაცია, ეპითელოიდურ უჯრედოვანი გრანულომები.
ზოგჯერ კრონის დაავადება მიმდინარეობს შედარებით მსუბუქად. რემისიის პერიოდში დაავადების სიმპტომები მინიმალურია. შემთხვევათა უმრავლესობაში კრონის დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად და ხასიათდება გამწვავებებით მთელი ცხოვრების მანძილზე.
კრონის დაავადების დიფერენციული დიაგნოზი ტარდება მწვავე აპენდიციტთან, ნაწლავების ტუბერკულოზთან, იერსინიოზთან, ნაწლავების აქტინომიკოზთან, ლიმფომასთან, კიბოსთან, პერიოდულ დაავადებასთან, ფსევდომემბრანულ კოლიტთან, მსხვილი ნაწლავის ინფექციებთან, წყლულოვან კოლიტთან.
კრონის დაავადება წყლულოვან კოლიტს განსაკუთრებით წააგავს მაშინ, როდესაც ანთებითი პროცესი მსხვილ ნაწლავშია ლოკალიზებული. კრონის დაავადებაზე ეჭვი მიაქვთ, თუ დაზიანებები სეგმენტური ხასიათისაა, გამოხატულია პერიანალური დაზიანებები და იშვიათია სწორი ნაწლავიდან სისხლდენები.

მკურნალობა

კრონის დაავადების გამწვავების პერიოდში პაციენტებს ენიშნებათ მექანიკურად და ქიმიურად დამზოგავი დიეტა, ცილებისა და ვიტამინების გაზრდილი რაოდენობით, საკვებიდან რძის გამორიცხვა და უხეში მცენარეული უჯრედისის რაოდენობის შეზღუდვა, განსაკუთრებით ნაწლავის უბნების შევიწროებისას. სტრიქტურების ან განმეორებითი ობსტრუქციის დროს პაციენტი უნდა მოერიდოს უხეში და აირწარმომქმნელი საკვების მიღებას.
მედიკამენტებიდან კრონის დაავადების დროს იყენებენ
5-ამინოსალიცილმჟავას პრეპარატებს (მესალაზინი, სულფასალაზინი), სისტემურ (პრედნიზოლონი, ჰიდროკორტიზონი) და ადგილობრივი (ბუდესოდინი) მოქმედების გლუკოკორტიკოიდებს, იმუნოდეპრესანტებს (აზათიოპრინი, მერკაპტოპურინი, მეტოტრექსატი), ანტიბაქტერიულ პრეპარატებს (მეტრონიდაზოლი, ციპროფლოქსაცინი).
მესალაზინს იყენებენ ნაწლავებში ნებისმიერი ლოკალიზაციის, ზომიერი აქტიობის კრონის დაავადების დროს (4გრ. დღეღამეში). კლინიკური რემისიის შემდეგ ინიშნება მესალაზინის შემანარჩუნებელი დოზა (2გრ. დღეღამეში).
კოლინჯის დაღმავალი ნაწილის და სწორი ნაწლავის დაზიანების დროს ინიშნება მესალაზინის ოყნები დღეში 3 ჯერ (2გრ. დოზით).
გლუკოკორტიკოიდებს იყენებენ პროცესის გამოხატული აქტიობის, დაავადების საშუალო და მძიმე მიმდინარეობის დროს, ასევე მესალაზინის და სულფასალაზინის უეფექტობის დროს.
პრედნიზოლონის დოზა დამოკიდებულია პროცესის სიმძიმეზე (საშუალოდ 30 მგ. დღეღამეში). მძიმე მიმდინარეობის დროს პრედნიზოლონი დიდი დოზებით ინიშნება ვენაში, ასევე ოყნის სახით დღეში 2ჯერ. რემისიის მიღწევის შემდეგ დოზები მცირდება 5 მგ. ყოველ 2 კვირაში და შემანარჩუნებელი დოზა (5-15 მგ.დღეღამეში) შესაძლოა დაინიშნოს თვეების და წლის განმავლობაში.
ბუდესონიდი ახალი თაობის გლუკოკორტიკოიდია და ინიშნება დაავადების საშუალო სიმძიმით მიმდინარეობის დროს (3მგ. 3ჯერ დღეში).
იმუნოდეპრესანტებს იყენებენ დაავადების ქრონიკული აქტიური მიმდინარეობის დროს (აზათიოპრინი 2-2,5 მგ. დღეში).
ანტიბაქტერიული პრეპარატები გამოიყენება ჩირქოვანი გართულებების დროს, ცხელებისას (მეტრონიდაზოლი 1-1,5გრ. დღეღამეში), ციპროფლოქსაცინი 1გრ. დღეღამეში).
სიმპტომური მკურნალობა ფაღარათის დროს: სმექტა, ლოპერამიდი; B12 დეფიციტური ანემიის დროს ვიტამინი B12 .
არ არსებობს ცალსახა რეკომენდაციები შემანარჩუნებელი თერაპიის პრეპარატების შერჩევისათვის.

ქირურგიული მკურნალობა

კრონის დაავადების დროს ქირურგიული მკურნალობის აბსოლიტური ჩვენებებია: პერფორაცია, პერიტონიტი, ტოქსიკური დილატაცია,მძიმე სისხლდენა, სტრიქტურებით გამოწვეული მწვავე ნაწლავური გაუვალობა.
შედარებითი ჩვენებებია: კომპლექსური სამკურნალო თერაპიის უეფექტობა, ნაწლავის ქრონიკული ნაწილობრივი გაუვალობა, კანის, თვალის, სახსრების დაზიანება, რომელიც არ ექვემდებარება კონსერვატიულ მკურნალობას.
პროგნოზი-შორეული პროგნოზი შედარებით საიმედოა პროცესის მსხვილ ნაწლავში ლოკალიზაციის დროს.