გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

logoგაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი

(jrritable bowll syndrome)

ნაწლავების მრავალფეროვან დაავადებებს შორის მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავსსხვადასხვა ფორმის ფუნქციურ მოშლილობებს (ფუნქციური შეკრულობები, ფუნქციური ფაღარათი და სხვა), როცა დიაგნოსტიკის არც ერთი თანამედროვე მეთოდით არ დგინდება დაავადების მორფოლოგიური სუბსტრატი. მათ შორის ყველაზე მეტად გავრცელებულია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი.


დეფინიცია
რომის I-II-III კრიტერიუმის მიხედვით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი მორეციდივე ფუნქციური დაავადებაა მდგრადი ნაწლავური სიმპტომების ერთობლივობით, ე.წ. „განგაშის“ სიმპტომებისა და ორგანული დაავადებების გარეშე.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომისთვის დამახასიათებელია ტკივილები და დისკომფორტი მუცლის არეში კონკრეტული ლოკალიზაციის გარეშე, რომელიც ქრება დეფეკაციის აქტის შემდეგ. მას თან ახლავს კუჭის მოქმედების სიხშირის, კონსტისტენციის შეცვლა და ნაწლავის ქვემოთ ჩამოთვლილი დისფუნქციის არანაკლებ ორი მუდმივი სიმპტომი:
- კუჭის მოქმედების სიხშირის შეცვლა (დღეში სამზე მეტჯერ ან კვირაში სამზე ნაკლები);
- განავლის კონსტისტენციის შეცვლა (თხევადი, მკვრივი);
- დეფეკაციის აქტის ცვლილება;
- იმპერატიული კუჭის მოქმედება;
- ნაწლავის არასრული დაცლის შეგრძნება;
- დამატებითი ძალისხმევა დეფეკაციის დროს;
- ლორწოს გამოყოფა განავალთან ერთად;
- მეტეორიზმი, მუცლის შებერვები;
- მუცლის ყურყური.
ნაწლავური დარღვევები უნდა გრძელდებოდეს ბოლო 12 თვის მანძილზე არანაკლებ 12 კვირის განმავლობაში. პათოლოგიურ პროცესში ჩართულია მსხვილი ნაწლავი.
ეპიდემიოლოგია
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომი ფართოდ გავრცელებული დაავადებაა და გხვდება ინდუსტრიულად განვითარებული ქვეყნების ზრდასრული მოსახლეობის 15-30%_ში. მისი სიხშირე ჭარბობს დიდ ქალაქებში, ვიდრე სოფლად. ავადმყოფთა საშუალო ასაკი 20-40 წელია. ქალები ავადდებიან 4ჯერ ხშირად, ვიდრე მამაკაცები. დაავადების გავრცელების ზუსტი ციფრების დადგენა ძნელია, რადგანაც ავადმყოფთა 2/3 ექიმს არ მიმართავს.
ეთიოლოგია და პათოგენეზი - შესწავლილია არასაკმარისად. ყველაზე გავრცელებულად და დასაბუთებულად ითვლება ბიოფსიქოსოციალური თეორია, რომლის მიხედვითაც დაავადების განვითარებაში წამყვანი როლი უჭირავსფსიქოსოციალურ და ფსიქოემოციურ სტრესს, ფსიქომატრავმირებული ზემოქმედებით ინდუცირებულ ნერვული სტრუქტურების არამდგრადობას, განსაკუთრებით, როცა ისინი ასოცირდებიან მუცლის ტკივილთან. ამ შემთხვევაში ხანგრძლივად ინახება მეხსიერებაში გადატანილი მუცლის ტკივილის კვალი და პროცესში ერთვება ლიმბორეტიკულური კომპლექსი ნაწლავური მოტორიკის მოშლით.
ნაწილი ავტორებისა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს განიხილავენ, როგორც ფსიქოსომატურ დაავადებას. რასაც საფუძვლად უდევს ნაწლავის რეგულაციის მოშლა ვეგეტატიური და ცენტრალური ნერვული სისტემის დონეზე.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს პათოლოგიურ პროცესში ერთვება ნაწლავების ინტრამურული სისტემა, ირღვევა ინტესტინური ჰორმონების და ბიოგენური ამინების (სეროტონინი, ჰისტამინი) წარმოქმნა, ვითარდება ნაწლავის რეცეპტორული აპარატის მიკროსტრუქტურული ცვლილებები. დადგენილია ასოცირებული კავშირი გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის კლინიკურ გამოვლინებისა დეპრესიულ, პანიკურ, ნეიროასთენიურ და ქცევით დარღვევებთან, რომელთა უმრავლესობა სოციალურადაა განპირობებული. ყველაზე ხშირად გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს აღინიშნება შფოთვით-დეპრესიული (40-70%) სინდრომი.
წამყვანი როლი ნაწლავურ დისფუნქციის განვითარებაში ეკუთვნის სეროტონინის სიგნალურ სისტემას, რომელიც უზრუნველყოფს ნაწლავების მგძნობიარე ნერვული რეცეპტორების მოტორიკის რეგულირებას. სეროტონინის რეცეპტორების აგონისტები ასტიმულირებენ ნაწლავების მოტორიკას, ხოლო სეროტონინის რეცეპტორების ანტაგონისტები-პირიქით თრგუნავენ.
მნიშვნელოვანია ბიოლოგიური ჰორმონის მელატონინის ადგილობრივი მოქმედება ნაწლავის მოტორიკის, სეკრეციის, მიკროცირკულაციის, გასტროინტესტინური ჰორმონების ბალანსის და ნაწლავური ბიორითმის შენარჩუნებაში.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის განვითარებაში ასევე მნიშვნელოვანია:
- კვების რეჟიმის მოუწესრიგებლობა და კვების ხასიათი საკვების არარეგულარული მიღებით, რაფირინირებული საკვების ხშირი გამოყენებით, საკვებში ბოჭკოს ნაკლებობით, რაც ხელს უწყობს ნაწლავის მოტორულ-ევაკუატორული ფუნქციის მოშლას, მიკროფლორის ცვლილებას, ნაწლავში წნევის მატებას. მნიშვნელოვანია ასევე ანამნეზში გადატანილი მწვავე ინფექციების და ნაწლავთა დისბიოზის (დისბაქტერიოზი) არსებობა.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ნაწლავის დისფუნქცია შეიძლება იყოს ჰიპერ და ჰიპოდინამიური ტიპის, ზოგჯერ შერეული ტიპის. სეკრეციული ფუნქციის დარღვევები ვითარდება ნაწლავის სანათურში წყლის და ელექტოლიტების მომატებული სეკრეციით, რაც განპირობებულია ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებების და ბაქტერიული ტოქსინების გავლენით.

კლინიკური სურათი

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ავადმყოფის ძირითადი ჩივილებია ტკივილი მუცელში, კუჭის მოქმედების დარღვევა და მუცლის შებერვები.
- მუცლის ტკივილი შეიძლება იყოს ყრუ, მოჭერითი და შეტევითი ხასიათის. იგი უხშირესად ლოკალიზებულია მუცლის გვერდით და ქვედა ნაწილებში, ასევე მარჯვენა და მარცხენა ფერდქვეშა არეში, გულმკერდის შესაბამის მხარეებში ირადიაციით. ტკივილების დაწყება ძირითადად უკავშირდება საკვების მიღებას, სტრესს, ფიზიკურ გადაძაბვას. ტკივილი მცირდება და ქრებადეფეკაციის ან აირების გამოყოფის შემდეგ. ტკივილი უხშირესად წარმოიშობა დილის ან დღის საათებში და ქრება ძილის და დასვენების დროს.
კუჭის მოქმედების დარღვევა გამოვლინდება, როგორც დიარეით, ასევე შეკრულობით ან მათი მონაცვლეობით.
- უპირატესად შეკრულობით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს დამახასიათებელია დანაწევრებული, „ცხვრის კურკლის“ მსგავსი განავლის არსებობა. დეფეკაციის მოთხოვნილება შენარჩუნებულია, კუჭის მოქმედება შეიძლება იყოს ყოველდღიურად, თუმცა ნაწლავის სრული დაცლის გარეშე.
- უპირატესად კუჭაშლილობით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს კუჭის მოქმედების სიხშირე დღეში 3-5_ია, მცირე რაოდენობის განავლით. დიარეა შეიძლება გამოწვეული იქნეს საკვების მიღებით ან სტრესით („დათვის დაავადება“). დიარეა არ აღინიშნება ღამის საათებში და ძირითადად ვითარდება დილით საუზმის შემდეგ. დეფეკაცია ხშირად იმპერატიული ხასიათისაა, რასაც განაპირობებს ნაწლავების ჰიპერმოტორიკა და ჭარბი აირების არსებობა. პირველი აქტის დროს განავალი უმეტესად ფორმირებულია, შემდეგ ფაფისებური ან თხიერი.
- მუცლის შებერვები და მეტეორიზმი ძირითადად დისბაქტერიოზის შედეგია, როცა ნაწლავებში გაძლიერებულია დუღილის და ლპობის პროცესი.
ობიექტური გამოკვლევებით: პალპაციით ვლინდება ტკივილი კოლინჯის ყველა მონაკვეთზე, სპაზმური მკვრივი სიგმოიდური ნაწლავი და შებერილი მოყურყურე ბრმა ნაწლავი.
განასხვავებენ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მიმდინარეობის 3 ვარიანტს: მუცლის ტკივილის და მეტეორიზმის სიჭარბით, დიარეის სიჭარბით და შეკრულობის სიჭარბით.
ნაწლავური სიმპტომების გარდა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს საკმაოდ ხშირია არანაწლავური სიმპტომების არსებობა:
• შაკიკის მსგავსი თავის ტკივილები, თავბრუსხვევები;
• ლუკმის გაჩხერვის შეგრძნება ყლაპვის დროს;
• ზურგის ტკივილები(ფიბრომიალგიები);
• ჩასუნთქვის არასრულფასოვნების შეგრძნება;
• ზემო კიდურების თითების ფერმკრთალობა სისხლძარღვების სპაზმებით გამოწვეული;
• შარდვის გახშირება, მენსტრუაციული ციკლის და სექსუალური დარღვევები;
• დაღლილობა, საერთო სისუსტე;
• ფსიქონევროლოგიური სიმპტომები (შფოთვა, დეპრესია, იპოქონდრია, ისტერია, პანიკური შეტევები);
რიგი მეცნიერებისა გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომს „აისბერგის სინდრომად“ მოიხსენიებენ და თვლიან, რომ დაავადების კლინიკური გამოვლინებები აისბერგის წყალსზედა ნაწილია, ხოლო წყალსქვედა ნაწილი კვლავ გამოუცნობად რჩება. მათი, აზრით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი უნდა დაისვას გარკვეული სიფრთხილით, რათა არ იქნეს შენიღბული მსხვილი ნაწლავის ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიცაა კიბო.

დიაგნოსტიკა

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოსტიკა წარმოებს გამორიცხვის მეთოდით და რომის IIკრიტერიუმების მიხედვით, აუცილებელია გამოირიცხოს ე.წ „განგაშის“ სიმპტომების არსებობა.

ეს სიმპტომებია:
• სხეულის წონის არამოტივირებული დაკლება;
• სიმპტომების გამოვლენა ღამის საათებში;
• მუცლის მუდმივი ინტენსიური ტკივილი, როგორც კუჭნაწლავის ტრაქტის დაზიანების ერთადერთი სიმპტომი;
• დაავადების დაწყება ხანდაზმულ ასაკში;
• ნაწლავის კიბოს შემთხვევები ახლო ნათესავებში;
• ცხელება;
• მუცლის ღრუში ორგანული ცვლილებების აღმოჩენა (ჰეპატო, სპლენომეგალია და სხვა);
• განავალში სისხლის არსებობა;
• ცვლილებები სისხლის კლინიკურ ანალიზში (ლეიკოციტოზი, ანემია, ედსის მომატება);
• ცვლილებები სისხლის ბიოქიმიურ ანალიზში (ასტ, ალტ, ტუტეფოსფატაზა, GGT, ბილირუბინი, კრეატინინი...).
ამრიგად, ამ სიმპტომებიდან ერთ-ერთის არსებობაც კი ეჭქვეშ აყენებს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზს.
დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის აუცილებელია ლაბორატორული და ინსტრუმენტული მეთოდების გამოყენება.
- სისხლის საერთო ანალიზი და ბიოქიმიური პარამეტრები ნორმის ფარგლებშია;
- რენტგენოლოგიური გამოკვლევებით (ირიგოსკოპია) ვლინდება ნაწლავების დისკინეზია და ჭარბი სითხის არსებობა ნაწლავის სანათურში;
- ენდოსკოპიური გამოკვლევა (კოლონოსკოპია ბიოფსიით) აუცილებელია ორგანული პათოლოგიის გამოსარიცხად. ტარდება ბიოპტატის მორფოლოგიური გამოკვლევა.
- მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა ტარდება ნაღვლკენჭოვანი დაავადების, პანკრეასის კისტების, კალცინატების და მოცულობითი პროცესის გამორიცხვის მიზნით.
- ენდოსკოპიურად ტარდება წვრილი ნაწლავის ბიოფსია ცელიაკიის გამორიცხვის მიზნით;
- მუცლის ღრუს მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია (საჭიროების შემთხვევაში).
დიფერენციური დიაგნოსტიკა
დიფერენციური დიაგნოსტიკა ტარდება ნაწლავების სტრიქტურებისგან (ნაწლავის ანთება, იშემიური კოლიტი, დივერტიკულები...), მსხვილი ნაწლავის წარმონაქმნებისგან, სამკურნალო საშუალებების (ოპიატები, Ca ბლოკერები, ქოლინობლოკერები, დიურეტიკები, საანესთეზიო საშუალებები, მიორელაქსანტები) გვერდითი მოვლენების, ასევე ენდოკრინული დარღვევებისგან (ჰიპოთირეოზი, ჰიპერპარათირეოზი), ორსულობის და კლიმაქსური დარღვევებისა და კვებითი ინტოქსიკაციისგან.
შეკრულობით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს უპირველესად უნდა გამოირიცხოს ნაწლავის სიმსივნე. განსაკუთრებით საყურადღებოა ოჯახში მსხვილი ნაწლავის კიბოთი დაავადების შემთხვევების არსებობა.
კუჭაშლილობით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს აუცილებელია გამოირიცხოს:
- კრონის დააავადება და წყლულოვანი კოლიტი;
- ინფექციური დაავადებები და პარაზიტული ინვაზიები;
- სამკურნალო პრეპარატების (ანტიბიოტიკები, ნაღვლის მჟავები, საფაღარათო საშუალებები) გვერდითი მოვლენების არსებობა;
- მალაბსორბციის სინდრომი, მათ შორის ლაქტაზის უკმარისობა;
- ენდოკრინული დაავადებები, მათ შორის ზოლინგერ-ელისონის სინდრომი.
ტკივილების სინდრომის სიჭარბით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის დროს უნდა გამოირიცხოს:
- წვრილი ნაწლავის ობსტრუქცია;
- კრონის დაავადება;
- იშემიური კოლიტი;
- ქრონიკული პანკრეატიტი;
- კუჭის ლიმფომა;
- ნაღვლგამომტანი გზების დაავადებები.

მკურნალობა.

გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის მკურნალობის მიზანია: ფსიქოემოციურ სფეროზე ზემოქმედება, ნაწლავის დარღვეული ფუნქციის კორექცია, ტკივილების სინდრომის მოხსნა. მკურნალობა ძირითადად ტარდება ამბულატორულად.
არამედიკამენტური მკურნალობა
გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შემდეგს:
პაციენტის ინფორმირებას დაავადების შესახებ, პაციენტსა და ექიმს შორის ნდობის გაჩენას, ფსიქოთერაპიულ საუბარს დაავადების მიზეზებსა და მათი აღმოფხვრის შესაძლო გზებზე. საჭიროა პაციენტი დარწმუნდეს, რომ დაავადების სიმპტომები არ არის სიცოცხლისთვის სახიფათო და არ არის გამოწვეული ორგანული დაავადებით. პაციენტს უნდა ავუხსნათ, რომ უმჯობესია თავი შეიკავოს უარყოფითი ემოციებისა და განრისხებისგან, რადგანაც ამ დროს ვითარდება მსხვილი ნაწლავის სპასტიკური შეკუმშვები. საუბრის დროს ყურადღება უნდა გამახვილდეს დეპრესიული განწყობის უარყოფით გავლენაზე და მისი დაძლევის გზებზე;
მნიშვნელოვანია სტრესული და ფსიქოლოგიური დარღვევების მაპროვოცირებელი ფაქტორების გამოვლენა და დასვენების სრულფასოვანი რეჟიმის დაცვა. დიეტის მხრივ უმჯობესია გამოირიცხოს: რძე, გაზიანი სასმელები, ცხოველური ცხიმები, კომბოსტო, პარკოსნები, ალკოჰოლი, საღეჭი რეზინა.
- შეკრულობის დროს საჭიროა დიდი რაოდენობით მცენარეული უჯრედისი, ბოსტნეული და ხილი, ზღვის კომბოსტო, საკვები ბოჭკოებით მდიდარი პროდუქტები ქატოს სახით.
- ფაღარათის დროს უნდა გამოირიცხოს კოფეინის, ფრუქტოზას, სორბიტოლის და საფაღარათო საშუალებების მოხმარება.
მედიკამენტური მკურნალობა
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს მუცლის ტკივილი, ძირითადად, დაკავშირებულია ნაწლავების გლუვი მუსკულატურის ტონუსის მატებასთან და შესაბამისად მისი კუპირებისთვის გამოიყენება სპაზმოლიტური საშუალებები (სპაზმომენი, სპაზმოპრივი, სპაზმექსი, დებრიდატი, დუსპატალინი...), ზოგჯერ სედაციურ საშუალებებთან კომბინაციაში.
დიარეის დროს გამოიყენება ლოპერამიდი (იმოდიუმი), ადსორბენტები (კალციუმის კარბონატი, აქტივირებული ნახშირი, სმექტა, არჯილა...), სეროტონინის სელექციური ანტაგონისტი (ალოსეტრონი).
შეკრულობით მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს გამოიყენება ოსმოსური საფაღარათოები (ლაქტულოზა, დუფალაკი, პერისტალიდი, ნორმაზე), სეროტონინის აგონისტი ტეგასეროდი, პროკინეტიკური საშუალებები (დოპროკინი, კინეტიკონი, მოტილიუმი...); სენის პრეპარატები და ფენოფტალეინი არ ინიშნება, რადგანაც შეიძლება გამოიწვიონ სიმპტომების გაძლიერება. მეტეორიზმის შესამცირებლად გამოიყენება სიმეტიკონი.
გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს თანდართული დისბაქტერიოზით, ნაწლავური მიკროფლორის აღდგენის მიზნით ინიშნება პრე და პრობიოტიკები (ბიფიფორმ-ინულინით, პრობიოქსინი, ლაქტოჯი, ულტრაბიოტიკი...).
საშუალო და მძიმედ მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დროს ფსიქოთერაპიის მეთოდებთან ერთად ინიშნება ანტიდეპრესანტები (კოაქსილი, ამიტრიპტილინი...), ანქსიოლიტური პრეპარატებიდან ბენზოდიაზეპამის ტრანკვილიზატორები (გრანდაქსინი, ფენაზეპამი...), ნეიროლეპტიკური საშუალებები (ეგლონილი, ბეტამაქსი...).
მკურნალობა ხორციელდება ფსიქოთერაპევთან ან ფსიქოლოგთან ერთად.
რომის II-III კრიტერიუმებისა და საკუთარი მრავალწლიანი კლინიკური გამოცდილების საფუძველზე შეიძლება გამოვყოთ გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის კლინიკური თავისებურებების რამოდენიმე ასპექტი.
1. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის კლინიკურ სურათში ნაწლავური და არანაწლავური სიმპტომების არსებობა, მათი სიხშირის, სიმძიმის, ხანგრძლივობის, მკურნალობის ეფექტურობის თვალნათლივი კავშირი პაციენტის ფსიქოემოციურ დარღვევებთან, კლინიცისტისგან მოითხოვს დაავადების თავისებურებების სრულფასოვან ცოდნას.
2. ჩვენი მონაცემებით გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით,პაციენტთა 60-70% ექიმს არ მიმართავს და წლების განმავლობაში მეტ- ნაკლები ეფექტურობით, დამოუკიდებლად მართავს ორგანიზმში მიმდინარე ნაწლავურ მოშლილობებს. ამ კონტინგენტის დაახლოებით ნახევარი, დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან 5-7წლის შემდეგ, იღებს გადაწყვეტილებას, მკურნალობა გააგრძელოს გასტროენტეროლოგის მეთვალყურეობის ქვეშ.
3. ავადმყოფთა მეორე ნაწილი (30%) დაავადების სიმპტომების გამოვლენიდან 0.5-1წლის შემდეგ მიმართავს გასტროენტეროლოგს (60%), თერაპევტს (20%), ნეკროპათოლოგს (15%),ფსიქიატრს (3-5%).
4. ავადმყოფთა ნაწილი (25-30%) უკმაყოფილოა ექიმების კონსულტაციით, ჩატარებული გამოკვლევებით და მკურნალობით („ექიმები მკითხაობენ, სწორ დიაგნოზს ვერ სვამენ, ვღებულობ მედიკამენტებს, შედეგი არ მაქვს“ და ა.შ.).
5. გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით დაავადებულთა ამ ნაწილს პიროვნული მახასიათებლების თავისებურებისა, ასევე ფსიქოსოციალური და ფსიქოემოციური სტრესების სიხშირიდან გამომდინარე, გამოხატული აქვს დეპრესიული გუნება-განწყობილება, ზოგჯერ შფოთვითი სიმპტომები, უნდობლობა ყველასადმი, მათ შორის ექიმებისადმი. ხშირად სურთ ისაუბრონ მუცლის არეში ტკივილებზე, მუცლის შებერვებზე, კუჭის მოქმედების ყოველდღიურ პრობლემებზე, ჩატარებული ღონისძიებების არაეფექტურობაზე, ამავ დროს, ნაკლებად აინტერესებთ ოჯახის ახლობლების და საზოგადოებრივი ყოფითი პრობლემები.
6. ამ კონტიგენტის ავადმყოფთა სრულფასოვანი გამოკვლევისა და საბოლაო დიაგნოზისვერიფიცირების თვალსაზრისით იკვეთება რიგითავისებურებისა:
- ერთი მხრივ, პაციენტის დაავადების კლინიკური სიმპტომების გამოვლენის, განვითარების, მიმდინარეობის, კლინიკური და ლაბორატორული მონაცემების, ულტრაბგერითიგამოკვლევების საფუძველზე, გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის წინასწარი დიაგნოზის დასმა სირთულეს არ წარმოადგენს.
- მეორეს მხრივ, დიაგნოზის ვერიფიცირებისთვის საჭირო რენტგენოლოგიურ (ირიგოსკოპია) და ენდოსკოპურ (კოლონოსკოპია ბიოფსიით) გამოკვლევებზე პაციენტთა ერთი ნაწილი კატეგორიულ უარს აცხადებს.
ამ პაციენტთა დიაგნოსტიკის და მკურნალობის ეფექტური მართვა საჭიროებს გასტროენტეროლოგის და ფსიქონევროლოგის ერთობლივ ძალისხმევას.
7. ამრიგად, გახანგრძლივებულად მიმდინარე გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომით დაავადებულ პაციენტისა და ექიმის ურთიერთობა მოითხოვს ექიმისგან ხანგრძლივ დროს, ფსიქოთერაპიული საუბრების ჩატარების უნარ ჩვევებს, პაციენტისათვის „დაავადების საიდუმლოების“ ახსნას, დაავადების მართვის ღონისძიებების განხილვას. ეს ყველაფერი შესაძლებელს გახდის ექიმისადმი ავადმყოფის ნდომის ჩამოყალიბებას და მის შენარჩუნებას თვეების და წლების განმავლობაში.

ზოგიერთი რჩევა გაღიზიანებული ნაწლავის

სინდრომის შემთხვევაში

- თუ ავადმყოფს თვების ან წლების განმავლობაში პერიოდულად აღენიშნება კუჭშეკრულობები ან კუჭაშლილობები ლორწოვანი განავლით, ტკივილები მუცლის არეში კონკრეტული ლოკალიზაციის გარეშე, მუცლის შებერვები და დისკომფორტი, ტკივილების შემცირება ან გაქრობა კუჭის მოქმედების შემდეგ, საჭიროა გამოირიცხოს გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზი.

- თუ ავადმყოფს აღენიშნება ნაწლავური დისფუნქციები უპირატესად შეკრულობებით ან უპირატესად აშლილობებით, მუცლის ტკივილები და შებერვები, რაც ძირითადად უკავშირდება ფსიქო ემოციურ გადაძაბვებს და სტრესულ სიტუაციებს, გამოსარიცხია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის არსებობა.
- თუ ავადმყოფს აქვს ნაწლავური ფუნქციების დარღვევები მუცლის შებერვებით და ტკივილებით, მიმდინარე დეპრესიული განწყობით, ზოგჯერ პანიკური, შფოთვითი ან აგრესიული სიმპტომატიკით, აუცილებელია გასტროენტეროლოგის და ფსიქონევროლოგის კონსულტაცია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის გამოსარიცხად.
- თუ ავადმყოფი თვეების ან წლების განმავლობაში მკურნალობს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებებს სხვადასხვა დიაგნოზებით (ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქრონიკული პანკრეატიტი, ქრონიკული კოლიტი) და მკურნალობის ეფექტი არასაკმარისია, აუცილებელია გასტროენტეროლოგის კონსულტაცია გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზის გამოსარიცხად.
- თუ ავადმყოფს აქვს ნაწლავურ დისფუნქციებთან ერთად არანაწლავური სიმპტომები (თავბრუსხვევები, ლუკმის გაჩხერვის შეგრძნება ყლაპვის დროს, ზურგის ტკივილები, ხელის თითების ფერმკრთალობა, შარდვის გახშირება და სხვა ვეგეტატიური მოვლენები), ეს შეიძლება მიუთითებდეს გაღიზიანებული სინდრომის არსებობაზე.
- გაღიზიანებული ნაწლავის სინდრომის დიაგნოზის დროულად დასმის შემთხვევაში დაავადების მკურნალობა, მართვა და პროგნოზი კეთილსაიმედოა.