×

გასტროენტეროლოგების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების კლინიკური სიმპტომები აღენიშნება ზრდასრულთა 20-50%. ა.შ.შ. ზრდასრული მოსახლეობის 20% მეტს აწუხებს ხშირი გულძმარვა (დაავადების ძირითადი სიმპტომი). საქართველოში ეროვნული კულტურის და სამზარეულოს გამო გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება საკმაოდ გავრცელებულია, თუმცა ეპიდემიური კვლევების მონაცემები არასაკმარისია. ამავე დროს გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების გავრცელების ზუსტი მაჩვენებლის დადგენა ძნელდება სიმპტომთა სპექტრის ცვალებადობის გამო.

კლასიფიკაცია

დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მიხედვით გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება შეიძლება იყოს 2 სახის: საყლაპავის ანთებით (ეზოფაგიტით) მიმდინარე და ანთების გარეშე.
კლინიკური ტერმინოლოგიით:
- ენდოსკოპურად ნეგატიური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ანუ არაეროზიული;
- ენდოსკოპურად პოზიტიური გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ანუ (ეროზიული) რეფლუქს ეზოოფაგიტით.

ეტიოლოგია და პათოგენეზი

დაავადების განვითარების მიზეზებია :
- ანტირეფლუქსური ბარიერის (კუჭის კარდიული ნაწილის ჩამკეტი მექანიზმის) შესუსტება;
- საყლაპავის კლირენსის შემცირება;
- საყლაპავის ლორწოვანი გარსის მდგრადობის შემცირება დამაზიანებელი ფაქტორების მიმართ;
- კუჭში მარილმჟავას და პეპსინის მომატებული გამოყოფა და ნაღვლის წვენის გადასვლა კუჭში;
მოსვენებულ მდგომარეობაში ჯანმრთელი ადამიანის საყლაპავის ქვედა სფინქტერი ჩაკეტილია. ნორმის ფარგლებში მას ახასიათებს ტრანზიტორული 5-30წმ_იანი მოდუნებები, რაც ხელს უწყობს ჭამის დროს კუჭში მოხვედრილი ზედმეტი ჰაერის გამოთავისუფლებას. გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების დროს სფინქტერის სპონტანური რელაქსაცია ხშირდება და ხანგრძლივდება. ამის შესაძლო მიზეზებია საყლაპავის პერისტალტიკის დარღვევა, სწრაფი და ჭარბი კვება, როცა ხდება საკვებთან ერთად დიდი რაოდებობით ჰაერის ჩაყლაპვა.

საყლაპავის ქვედა სფინქტერის ტონუსს აქვეითებს:

- კოფეინის შემცველი საკვები პროდუქტები (შოკოლადი, ყავა, ჩაი, კოლა), ციტრუსები პომიდორი, ალკოჰოლი, ნიკოტინი, ცხიმები;
- ზოგიერთი სამკურნალო პრეპარატები: სედატიური და საძილე, კალციუმის არხების ბლოკერები, ქოლინოლიზური, ნიტრატები და სხვა;
- გასტროინტესტინური ჰორმონების გავლენა (ქოლეცისტოკინინი, სეკრეტინი, გლუკაგონი და სხვა.);
- ხელოვნურად გამოწვეული ხშირი პირღებინებები (ფსიქოემოციური სტრესები, ფსიქოვეგეტატიური დარღვევები).

საყლაპავის კლირენსის შემცირება

საყლაპავის კლირენსის შემცირების მიზეზებია:
- ნერწყვისა და საყლაპავის ლორწოს ბიკარბონატების რაოდენობის შემცირება;
- მეორადი პერისტალტიკის დათრგუნვა და საყლაპავის მკერდის ნაწილის კედლის ტონუსის შემცირება .

საყლაპავის ლორწოვანი გარსის რეზისტენტობის შემცირება

ეპითელიუმის დაზიანება იწყება, როდესაც წყალბადის იონების, პეპსინის და ნაღვლის მჟავების დამზიანებელი მოქმედება გადააჭარბებს დამცავ ფაქტორებს:ლორწოს პრეეპითელურ შრეს და აქტიურ ბიკარბონატულ სეკრეციას.

კლინიკური სურათი

გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების უმთავრესი სიმპტომია გულძმარვა და მჟავე ბოყინი, რომელიც უხშირესად აღენიშნება ავადმყოფს წინ გადახრისას და ღამის საათებში, სიხშირით მეორე ადგილზეა ტკივილი მკერდის ძვლის უკან. შედარებით იშვიათია დისფაგია (ყლაპვის გაძნელება), ოდინოფაგია (ტკივილი ყლაპვის დროს), ამოღებინება.
- გულძმარვა სხვადასხვა ინტენსიობის წვის თავისებურება შეგრძნებაა მკერდის ძვლის უკან (საყლაპავის ქვედა მესამედში) ან ბეჭქვეშა არეში. აღენიშნება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების პაციენტთა 85% _ს. გულძმარვა ძლიერდება დიეტის დარღვევისას, გაზიანი სასმელისა და ალკოჰოლის მიღების, ფიზიკური გადაძაბვის, წინ გადახრილ და ჰორიზონტალურ მდგომარეობაში. დაავადების გამწვავების სტადიაში გულძმარვები ძალიან ხშირი და შემაწუხებელია.
- ბოყინი და საკვების ამოღებინება-რეგურგიტაცია. ბოყინი აღენიშნება დავადებულთა 55%ს. ძლიერდება საკვების და გაზიანი სასმელის მიღების შემდეგ. ჰაერთან ერთად საკვების ამოღებინება (რეგურგიტაცია) ხშირად აღენიშნებათ პაციენტებს ფიზიკური დატვირთვის ან ჭარბად სითხის და საკვების მიღების შემდეგ, ჰორიზონტალურ მდგომარეობაში ყოფნის დროს.
- ტკივილები მკერდის ძვლის უკან ვრცელდება ბეჭთაშუა არეში, კისერში, ქვედა ყბაში, გულმკერდის მარცხენა ნახევარში და ძალიან გავს სტენოკარდიის შეტევას. დიფერენციულ დიაგნოსტიკაში გასათვალისწინებელია, რომ საყლაპავის ტკივილს ახასიათებს კავშირი საკვების მიღებასთან, სხეულის მდებარეობასთან, მცირდება ან ქრება ტუტე მინერალური წყლის და ანტაციდების მიღების შემდეგ.
- ყლაპვის გაძნელება (დისფაგია) ხანგამოშვებითი ხასიათისაა. იგი აღენიშნება დაავადებულთა 22%ს. პროგრესირებადი დისფაგია და სხეულის მასის შემცირება შეიძლება მიუთითებდეს საყლაპავის ადენოკაცინომის განვითარებაზე.
გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება ზემოაღნიშნული დამახასიათებელი სიმპტომების გარდა შეიძლება მიმდინარეობდეს ე.წ. „ნიღბების“ სახით:
1. ფილტვისებური ნიღაბი - გვხვდება გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების 10% ში. ხასიათდება ქრონიკული არაპროდუქტიული ხველებით, ბრონქო-ობსტრუქციული სინდრომით, რეციდივული პნევმონიებით და ბრონქული ასთმით. ხშირად ამ პაციენტებში ქრონიკული ხველა გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადების ერთადერთი გამოვლინებაა და მისი ლიკვიდირება შესაძლებელია მხოლოდ პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორის მიღებით. ბრონქული ასთმით დაავადებულთა ერთ მესამედზე მეტს გამოკვლევებით აღენიშნებათ გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადება.
2. ლარინგიალური ნიღაბი - გხვდება შედარებით ნაკლები სიხშირით და მიმდინარეობს ქრონიკული ლარინგიტის ნიშნებით, ზოგჯერ ბგერითი იოგების სიმსივნის განვითარებთ. ავადმყოფებს აღენიშნებათ უხეში „მყეფარე„ ხველა, ხმის ჩახლეჩვა განსაკუთრებით დილის საათებში.
3. კორონარული ნიღაბი სტენოკარდიის იმიტაციით. ხასიათდება მწველი მოჭერითი ტკივილებით მკერდის ძვლის უკან ირადიციით მარცხენა ხელში, ზურგში. ზოგიერთი მეცნიერის აზრით მკერდის ძვლის უკან განვითარებული ტკივილების 52% არ არის დაკავშირებული გულსისხლძარღვთა პათოლოგიასთან და განპირობებულია გასტროეზოფაგური რეფლუქსური დაავადებით. ამ შემთხვევაში ტკივილის კუპირება შესაძლებელია პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორით და მიოტროპული რელაქსანტებით, თუმცა შეიძლება მოიხსნას ნიტროგლიცერინითაც. ტკივილი უხშირესად წარმოიშვება საკვების მიღებიდან მალე, ვლინდება საყლაპავში ლუკმის გაჩხერვის შეგძნებით, ძლიერდება წინ გადახრის დროს და იხსნება ანტაციდური პრეპარატების მიღებით.

 
მედპერსონალი
 
ვაკანსიები
 
რჩევები
 
დამატებითი ინფორმაციისთვის
+995 599 12 13 53
დაგვირეკეთ

კლინიკის შესახებ

ჰეპატო გასტროენტეროლოგიული კლინიკა "ლაგიმედი" დაფუძნდა 2014 წელს პროფესორ ექიმ-გასტროენტეროლოგ ლაგი გვეტაძის და ექიმ-სტომატოლოგ ლიანა ტორონჯაძის მიერ. კლინიკას ყოველდღიურად მრავალი პაციენტი მომართავს, როგორც დასავლეთ ასევე აღმოსავლეთ საქართველოდანაც.

კონტაქტი

 ქუთაისი, დ. ავალიანი 1 / სარაჯიშვილის 4

  0431 24 36 38

  info@lagimedi.ge

  www.lagimedi.ge